top of page

დიაგნოსტიკური ცენტრი

 

დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია ელექტროკარდიოგრაფიის, ექოსკოპიის, ფუნქციური დიაგნოსტიკის, 24 სთ-იანი არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრაფიული მონიტორინგის კაბინეტებით.

დოპლეროექოკარდიოსკოპია, სტრესექოკარდიოსკოპია, ტრანსეზოფაგული ექოკარდიოსკოპია

გულის ექოდოპლეროგრაფიისთვის კლინიკაში რამოდენიმე თამამედროვე ტიპის ექოკარდიოგრაფია. გამოკვლევა ხდება M მოდალურ რეჟიმში, B რეჟიმში, იმპულსური, უწყვეტი და ფერადი დოპლერით, ტარდება სტრესექოდოპლეროგრაფია. სტრეს აგენტების სახით გამოიყენება დობუტამინი, დიპირიდამოლი, საყლაპავშიდა ელექტროსტიმულაცია. უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს გულის საყლაპავშიდა ექოდოპლეროგრაფია. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული და გამოვლენილია მრავალი საინტერესო შემთხვევა: სამსაკნიანი გული, პერიკარდიუმის სიმსივნე, თანდაყოლილი მანკები, ენდოკარდიტის გართულებული შემთხვევები და სხვა.

ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტი

ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტში ხორციელდება ფიზიკური დატვირთვის სინჯები და საყლაპავშიდა ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები. ფიზიკური დატვირთვის სინჯები ტარდება ,,RAM 770M” (Inomed Medical Inc) მოდელის ტრედმილზე. ეს გამოკვლევა საშუალებას იძლევა ზომიერი, მართვადი დატვირთვების ფონზე გამოვლინდეს მიოკარდიუმის ფარული იშემია, სტენოკარდიულ ავადმყოფებში დადგინდეს სტენოკარდიის ხარისხი და მკურნალობის ეფექტურობა, პოსტინფარქტულ ავადმყოფებში კი დაისახოს ავადმყოფის ფიზიკური რეაბილიტაციის სრულყოფილი პროგრამა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

24 საათიანი ეკგ მონიტორინგი ,,Holter”-ის მეთოდით

ელექტროკარდიოგრამისა და არტერიული წნევის 24-საათიანი კომბინირებული მონიტორინგი – აპარატებზე ,,CardioTens-01″ და ,,ABMP-02″ ფირმის – Meditech Ltd (Hungary). აღნიშნული გამოკვლევებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულის რითმის ვარიაბელობაზე დაკვირვებას პოსტინფარქტულ პაციენტებზე, ასევე არასტაბილური სტენოკარდიის მქონე და გულის უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია პოსტინფარქტულ ავადმყოფებში გართულებული რისკის განსაზღვრა, ოპტიმალური შრომისა და მოსვენების რეჟიმის რეგულირება. აღნიშნულ თემაზე კლინიკას აქვს რამოდენიმე პუბლიკაცია ქართულ და საზღვარგარეთულ პერიოდიკაში.

სტაციონარი

 

სტაციონარს გააჩნია ინტესიური თერაპიის ბლოკი და კარდიოლოგიური განყოფილება. ინტენსიური თერაპიის ბლოკი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალით, აღჭურვილია თანამედროვე მონიტორებით, ეკგ, არტერიული წნევის, SPO2, 24 საათიანი კონტროლით, ცენტრალური ჟანგბადის მიწოდებით. ავადმყოფებს უტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, ეკგ – მონიტორინგი დინამიკაში, ექოლოგიური გამოკვლევა. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ჩვენებით უტარდებათ თრომბოლიზური თერაპია. გამტარებლობის რთული დარღვევისას ხდება დროებითი კარდიოსტიმულატორის ჩადგმა. მდგომარეობის სტაბილიზების შემდეგ, მკურნალობა გრძელდება საერთო რეჯიმის პალატებში.

 

პირადი ექიმი

 

კლინიკაში პირადი ექიმის სამსახური ფუნქციონირებს 1998 წლის 27 ივლისიდან. თავიდან ირიცხებოდა 7 ოჯახი, ახლა კი რამდენიმე ასეული ოჯახია გაერთიანებული. პირადი ექიმის სამსახურს ჩვიდმეტი კვალიფიციური, პროფესიონალი ექიმი ემსახურება. დღეისათვის მომსახურების არეალი გაიზარდა და გასცდა თბილისის ფარგლებს. პაციენტს შეუძლია 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს პირად ექიმს, მიიღოს კონსულტაცია ან ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს კლინიკის შერჩევაში და მონაწილეობა მიიღოს მის შემდგომ მკურნალობაში. არაკარდიოლოგიური პრობლემების არსებობისას, პირადი ექიმი უზრუნველყოფს სხვა პროფილის ექიმების კონსულტაციას. პირადი ექიმის პაციენტებს კლინიკაში გარკვეული ფასდაკლებით მკურნალობენ. რამდენიმე ათეული სახის მომსახურება 40-50% ფასდაკლებით სრულდება. ეს სამსახური უზრუნველყოფს ბინაზე ფართო სპექტრის ლაბორატორიულ, ინსტრუმენტულ გამოკვლევებს, ნებისმიერი ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციას სახლის პირობებში. პირადი ექიმის პაციენტები, აღნიშნული მომსახურებით, ასევე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სარგებლობენ. ჩვენი მიზანია ამ საქმეში ფართო მასების ჩაბმა, რომ პირადი ექიმის მომსახურება ფუფუნება და გარკვეული ფენის პრიორიტეტი კი არა, ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

 

სასწრაფო კარდიოლოგიური დახმარება

 

კლინიკა „გული“-ს ბაზაზე წარმატებულად ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო სამსახური. სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია კლინიკის გამოცდილი ექიმებით, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს ევროპული და ამერიკული სტანდარტების გათვალისწინებით. სასწრაფო სამედიცინო სამსახური აღჭურვილია კომფორტული ტრანსპორტით, უახლესი აპარატურით და უზრუნველყოფილია პირველადი კარდიოლოგიური დახმარებისათვის აუცილებელი ყველა მედიკამენტით, გარეგანი დეფიბრილატორით, სუნთქვის აპარატით.

 

კათეტერიზაციის ლაბორატორია

   

ჩვენ კლინიკაში წარმატებით კეთდება კორონაროგრაფია და კორონარული ანგიოპლასტიკა. ჩვენ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში დგას უახლესი უმაღლესი დონის აპარატურა, მუშაობს მაღალკვალიფიკაციური მედპერსონალი, რაც პროცედურების წარმატებით ჩატარების საშუალებას იძლევა.

 

რა არის კორონაროგრაფია?

 

ექიმი გთავაზობთ კორონაროგრაფიას (გულის სისხძარღვების ანგიოგრაფიას) რათა ზუსტად დადგინდეს კორონარული (გულის მკვებავი სისხლძაღვების) არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების მდებარეობა, ხარისხი და შეირჩეს ადექვატური მკურნალობა.

 

ათეროსკლეროზი – ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მკვებავ სისხლძარღვებს, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სისხლძარღვების შიდა გლუვი ზედაპირი ათეროსკლეროზის დროს განიცდის ცვლილებებს – ის უხეშდება და მასზე ილექება ცხიმოვანი ნივთირებები (ქოლესტერინი), რის შედეგადაც დროთა განმავლობაში წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქი. აღნიშნული ფოლაქი ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს და ხელს უშლის მასში სისხლის მოძრაობას, ეს კი იწვევს ორგანოთა ჟანგბადით მომარაგების შემცირებას, ანუ იშემიას. ამ პროცესის პირველ სიგნალს წარმოადგენს სტენოკარდია – ტკივილი გულმკერდის არეში, მოჭერის, ზეწოლის, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან ან ორივე ხელში, დისკომფორტი ბეჭის არეში, სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება.

 

კორონარული არტერიის სრულ დახშობას მოჰყვება მიოკარდიუმის ინფარქტი, რომლის დროსაც გულის კუნთის ის ნაწილი, რომელსაც სისხლით ამარაგებდა დახსული კორონარული არტერია, განიცდის კვდომას და შემდგომში მის ადგილას ყალიბდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. იმ შემთხვევაში, თუ გულის კუნთის დიდი უბანია დაზიანებული (,,მკვდარი”), დროთა განმავლობაში ვითარდება გულის უკმარისობა. 

 

როგორ ტარდება კორონაროგრაფია?

 

პროცედურა ტარდება სპეციალიზირებულ, მაღალტექნოლოგიური რენტგენოსკოპიით აღჭურვილ ლაბორატორიაში. პროცედურის დროს სპეციალური კათეტერი თავსდება ბარძაყის არტერიაში (საწიროების შემთხვევაში ზედა კიდურიდან – სხივის არტერიაში) და ფიქსირდება კორონარული არტერიის შესავალში. ამ კათეტერის დახმარებით სპეციალური რენტგენო-კონტრასტული ნივთიერება შეყავთ სისხლძარღვში და ღებავენ მას, რათა სისხლძარღვი რენტგენის სხივებისათვის ხილული გახდეს. პროცედურის დასასრულს თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ თქვენი გულის სისხლძარღვების სურათი.

 

რა არის ანგიოპლასტიკა?

 

ანგიოპლასტიკას (სტენტირება) სტენოკარდიის და მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალო დანიშნულება აქვს. სტენტირება არაქირურგიული პროცედურაა და ზუსტად იგივე პრინციპით ტარდება, როგორც კორონაროგრაფია. ამ პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური კათეტერი, რომლის ბოლოზეც მდებარეობს პატარა ბალონი. აღნიშნული კათეტერი ექიმს ბარძაყის არტერიიდან მიჰყავს კორონარული არტერიის შევიწროვების/დახშობის ადგილამდე. ბალონის გაბერვას მოჰყვება სისხლძარღვის შევიწროვებული/დახშული მონაკვეთის გაფაროვება. იმისათვის, რომ არტერიის გაფართოვების შემდეგ არ მოხდეს ისევ შევიწროვება ან დახშობა, ექიმი შევიწროვების ადგილას დგამს სტენტს.

 

სტენტი წარმოადგენს ლითონის სპირალურ ბადეს, რომელიც წამოცმულია ბალონ-კათეტერზე. ბალონის გაბერვას მოჰყვება სტენტის გაშლა. იგი რჩება სისხლძარღვის კედელზე. შედეგად, დაზიანებულ არტერიაში აღდგება სისხლის დინება. შევიწროვებულ სისხლძარღვში შეიძლება მოთავსდეს ერთი ან მეტი სტენტი დაზიანების ხარისხისა და რაოდენობის შესაბამისად.

 

bottom of page